Lorem Ipsn gravida nibh vel velit auctor aliquet.Aenean sollicitudin, lorem quis bibendum auci elit consequat ipsutis sem nibh id elit

FOLLOW ME

TWITTER GPLUS FACEBOOK BEHANCE PINTEREST

ძველი მეხსიერების თანამედროვე ხელოვანი

მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, 80-იანელთა თაობის მხატვრობაში ირაკლი ფარჯიანის სახვითი ხელწერა მკვეთრად გამიჯნულია და მიღმიერი. 1930-იანი წლებიდან დღემდე, ქართულ სახვით ხელოვნებაში რთულია ისეთი არტისტების მოხმობა, რომელთა შემოქმედებითი ძიებები ეფუძნება თავისუფალი ცნობიერების გამოვლინებას. ნებისმიერ ეპოქაში ჭეშმარიტი ხელოვნების ინტენციონალობა დგას ადამიანთა ცნობიერების განმანთავისუფლებელ მოტივებზე. ბოლო 80 წლის განმავლობაში ძალზე მწირია იმ ხელოვანთა რიცხვი, რომლებიც მოღვაწეობენ საერო ხელოვნებაში და მათ ღირებულებით ღერძს ადამიანური ცნობიერება იკავებს. თავისუფალ ხელოვნებაში არსებობს ემანსიპაციის ორი მოდელი-  პოლიტიკური და პიროვნული,  ანუ კრეატიული ადამიანური ბუნება ცდილობს თვითგამორკვევას საზოგადოებრივი თუ ინდივიდუალური კატეგორიების გზით. ფარჯიანთან გამძაფრებულად იკვეთება თავისუფალი არტისტული ბუნების, ცნობისმოყვარეობის მეორე კულტურული მოდელი. მხატვრის სახვითი ენა და მისი სემანტიკური ასპექტი იკვლევს და წარმოჩენს ანთროპოცენტრულ სამყაროს. 1970-80-იანელთა თაობის მხატვრები ქმნიან აბსტრაქტული, ნონკონფორმისტული  ან  ეროვნული იდენტობის მქონე ხელოვნებას. სამივე მიმართულება სახვით-ცნებობრივ ჭრილში კიდევ უფრო ამძაფრებს ქართული ხელოვნების საბჭოთა მემკვიდრეობას, რომელმაც აბსოლუტურად ამოშალა ფორმალისტურ-მოდერნისტული ტრადიციები. ფორმაციის ახალ ეტაპზე 1980-იანელთა თაობამ დაკარგა ავთენტურობა, რამეთუ ისინი ცდილობდნენ ასიმილირებას დასავლურ სივრცესთან. ე. წ. „რკინის ფარდის“ გამო ახალი თაობა იწყებს თვითგამორკვევას აბსტრაქტულ და გვიანმოდერნისტულ ტენდენციებში. ნონკონფორმისტული სახელოვნებო პროგრამაც იდენტურ სტილებს იაზრებდა  და ასევე  აქცენტირებას ახდენდა ანტისაბჭოურ იდეოლოგიაზე, ხოლო ეროვნული ხელოვნება იაზრებდა რელიგიურ-ისტორიულ თემატიკას, აწარმოებდა  მის გადაფასებას და  ცდილობდა საბჭოთა წყობის გაკრიტიკებას, რადგანაც სოცრეალისტურმა და დათბობის პერიოდის პროპაგანდამ ქართველებს ეროვნული ცნობიერება და იდენტობა გამოაცალა. როგორც ვხედავთ, 80-იან წლებამდე საკმაოდ დაქსაქსული და არაერთგავროვანი სურათი არსებობდა ქართული სეხლოვნებო სივრცის. ამ უკნასკნელში ახალი ადამიანები, მათი შეცვლილი ღირებულებები, ცნობიერება, შიშები და ზოგადად თანამედროვეობა ნაკლებად აისახა ქართველი მხატვრების მიერ. რელიგიური, ნონკონფორმისტული და ევროპული ავანგარდული ვექტორები ქართულ ხელოვნებას მითოლოგიურ-კულტურულ სარქველსა თუ შირმაში აჩარჩოებდა, რითაც დიალექტიკურ-დიაქრონული ანალიზის დროს, თანამედროვე საქართველო  ბურუსითმოცულ და „უთვისებო“ კულტურულ ლოკუსად წარმოგვიდგება. ჩნდება შემდეგი კითხვები: რა ადგილი უკავია ადამიანის ფენომენოლოგიას ჩვენს ხელოვნებაში? რისი გვეშინია ? რატომ იჩქმალება ბიომორფული შიშები? რამდენად მართებულია საერო ხელოვნების მითოლოგიზირება და ადამიანების ჩანაცვლება „კულტურულ-პოლიტიკური ტიტანებით“?

მთელი რიგი კულტურულ-პოლიტიკური მოვლენების გადააზრება და მათთან მიმართებაში დასმული კითხვები კიდევ უფრო მკაფიოდ შლის ირაკლი ფარჯიანის მნიშვნელოვნებას ქართულ სახლოვნებო სივრცეში. რარიგ ღირებულია, მხატვრისთვის ქართული ხელოვნების რევიტალიზაცია, არქაული მეხსიერების ავთენტური შერწრყმა თანამედროვეობასთნ და დასავლურ ღირებულებებთან. ფარჯიანის სახვითი ხელწერა და მსოფლხედვა  მზიდია ადამიანის პიროვნული თუ იმანენტური ნიშნით გამოხატული თავისუფლების. მხატვარი ფილიგრანულად იყენებს რამდენიმე სტილს, პერიოდიზაციას, თემატიკას, პროტაგონისტს, შეუთავსებელ მსოფლაღქმას თუ აქსიოლოგიურ ერთეულს, რაც გვაძლევს ფერწერულ „ამალგამას“და უნივერსალური გამჭვირვალობის სახიერებას, რომელშიც უკუგდებულია ფარსი,  ტექნიკურ-სიუჟეტური ხერხებით უტრირება. საკვირველია  ის, რომ ნებისმიერ პერიოდსა და სიუჟეტში იგი თანაზიარია მის მიერვე გამოსახული სამყაროსი. ნებისმიერი კულტურული მიკრომოდელი წარმოჩნდება, როგორც სუბიექტური, განცდილი, ფარჯიანში იმანენტურად დალექილი და ავტორისეული ინტერპრეტირებული რედაქცია. მყისიერად შეგვიძლია ამოვიკითხოთ მისი ხელწერა და ანთროპოსოფიური ხედვა; იქნება ეს ხარება, ჯვარცმა, საიდუმლო სერობა, ბიბლიურ-ლიტერატურული სიუჟეტები თუ არქაული კულტურული ლოკუსი. იგი იღებს კულტურულ პარადიგმებს, არქეტიპებსა და კოდებს, თუმცა იქმნება შეგრძნება იმისა, რომ მეოცე საუკუნის ხელოვნებაა. ბიბლიური, ისტორიული, ლიტერატურული, მითოლოგიური ციტაცია  გამოყენებულია, როგორც ინტერტექსტი. ამ პლასტში მხატვარი ძველი მეხსიერების თანამედროვე არტისტია; ხიდი კულტურული დიალოგების. მას მუდმივად ადარდებს კონსერვატორული ღირებულებების გაქრობის საკითხი, ცდილობს მათ უკვდავყოფას და ყოველგავრი არტისტულ-აროგანტული ქმედების გარეშე უარყოფს ირონიულ ბუნებას, როგორც თვითგამოხატვის ტრენდულ ფორმას; მას უკუაგდებს თანაგრძნობით.

 

მთელი რიგი კულტურულ-პოლიტიკური მოვლენების გადააზრება და მათთან მიმართებაში დასმული კითხვები კიდევ უფრო მკაფიოდ შლის ირაკლი ფარჯიანის მნიშვნელოვნებას ქართულ სახლოვნებო სივრცეში.

განზოგადებული მსჯელობა რომ არ მივიღოთ, მნიშვნელოვანია ფარჯიანის ნამუშევართა გარკვეული სელექციის თვალსაჩინოებისთვის მოხმობა, რაც მის ძიებებს, ანთროპოსოფიურ ხედვასა  თუ განვითარებას უფრო მკაფიოდ განავრცობს. ამ სელექციაში თავმოყრილ, ურთიერთგამიჯნულ და სტილისტურად, ჟანრობრივად,  თემატურად შეუქცევად ნამუშევრებს, აერთიანებთ ანთროპოცენტრული და ადამიანის პიროვნული ფორმით ემანსიპაციის ნიშნები. ფარჯიანის შემოქმედებაში  ლოკალური ნიშნით- სვანური კულტურა და ქართული ფეოდალური ხელოვნება, დიდ როლს თამაშობს, თუმცა მის თანამედროვეთაგან განსხვავებით, იგი ცდილობს მათ გადააზრებას, დაქვემდებარებას თუ შერწყმას თანამედროვე ქართულ საერო მხატვრობასთან. ხელოვანი რამდენადმე ახდენს რელიგიური   სიუჟეტებით  თანამედროვე ფერწერის ქრისტიანული იკონოგრაფიისგან სეკულარიზციას. მეორე უმნიშვნელოვანესს, შთაგონების წყაროს წარმოადგენს  შტაინერული ანთროპოსოფიის იდეები და გერმანული სახვითი ხელოვნების ექსპრესიონისტული ნატურა. ორივე ინსპირაციის ნიშანი უფრო მეტად ვლინდება ყოფითი სცენების შექმნის და ჟანრობრივი ვარიაციების დროს.

This function has been disabled for IRAKLI PARJIANI.